სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - აფხაზეთი და სამაჩაბლო.
აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია უჭირავს.
აფხაზეთის ომის (1992-1993 წწ.) შემდგომ წლები გავიდა, მაგრამ ქართველ ხალხს იგი არასდროს დავიწყებია და დღესაც აქტუალურ თემას წარმოადგენს აფხაზეთის დაბრუნება.
რამ განაპირობა აფხაზეთის ომის დაწყება?
ქართულ-აფხაზური დაპირისპირება აფხაზეთში და შემდგომ შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირება თითქმის ბოლო 100 წლის მანძილზე მზადდებოდა. ის თავიდან ბოლომდე ჯერ ცარისტული, შემდგომ – ბოლშევიკური და ბოლოს დემოკრატიული რუსეთის “შემოქმედება” იყო. რუსეთის იმპერიამ შეძლო საუკუნეების მანძილზე არსებული, ჩამოყალიბებული ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობის მოშლა. აფხაზების სეპარატისტული გამოსვლები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ 1917 წლიდან დაიწყო. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ და იმჟამინდელმა აფხაზურმა პოლიტიკურმა ელიტამ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და კრიზისის აღმოფხვრა. აფხაზეთს ოფიციალურად მიენიჭა ავტონომიური სტატუსი.
1921 წლის თებერვალ-მარტში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ და ქვეყნის ნაძალადევმა გასაბჭოებამ ერთბაშად წყალში ჩაყარა ქართულ-აფხაზური ერთობის გზაზე მიღწეული წარმატებები.რუსმა ბოლშევიკებმა და მათ მიერ დამუშავებულმა სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზმა კომუნისტებმა, აფხაზეთი ჩამოაცილეს დანარჩენ საქართველოს და დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს. მოგვიანებით, “საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება” დაიდო.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დადებული ხელშეკრულებით აფხაზეთი, ფორმალურად, თითქოს ითვლებოდა სამოკავშირეო რესპუბლიკად, ის “დე-ფაქტოს” ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა. 1931 წელს აფხაზეთი ოფიციალურადაც გამოცხადდა ავტონომიურ რესპუბლიკად საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში და ამ სტატუსით მოვიდა 1992 წლამდე, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალით დამხობის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისით, რაც ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა, ისარგებლეს აფხაზურმა სეპარატისტულმა ძალებმა ვლადისლავ არძინბას მეთაურობით და მოახდინეს შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირება 1992 წლის 14 აგვისტოს.
1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო აფხაზეთის ომი.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სარკინიგზო მაგისტრალების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილები გადაადგილდა საქართველოს სახელმწიფოს შიგნით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარის პირველი კოლონა მიუახლოვდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან განლაგებულ ე.წ. “აფხაზური გვარდიის” (თავისთავად უკანონო სამხედრო ფორმირების) ბლოკ-პოსტს, აფხაზმა “ბოევიკებმა” მოულოდნელად მათ ცეცხლი გაუხსნეს. მეორე შეტაკება უკვე გულრიფშის რაიონში, აგუძერასთან მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა კონფლიქტის ინსპირირება და ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ აფხაზური მხარეა.
აფხაზ სეპარატისტებს ზურგს რუსული სამხედრო ძალები უმაგრებდა.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღება კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 1993 წლის 27 სექტემბრამდე, რა დროსაც ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა და რუსმა სამხედროებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია, რაულ ეშბა და სხვანი, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, ყველა უმოწყალოდ დახვრიტეს.
რუსმა სამხედროებმა და სეპარატისტებმა ამ ომში ჩაიდინეს არაერთი სამხედრო დანაშაული, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და გენოციდი.
რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის, აფხაზეთის ოკუპაციის შედეგად, გადარჩენილი 300 000-ზე მეტ ეთნიკურად ქართველს საკუთარი სახლები იძულებით დაატოვებინეს!
Комментариев нет:
Отправить комментарий