როგორ განვითარდა მოვლენები შეთანხმების დარღვევის შემდეგ....
16 სექტემბერს, გამთენიისას,რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება „მითი“,თითქოსდა სოხუმი ისეა გამაგრებული,რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანის მოგონებებიდან
„ჩემ თვალწინ წარიმართა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნის მიწურულს გმირობის მაგალითი კიდევ ერთხელ ჩაწერა საქართველოს ისტორიაში.“
მზაკვრული ზავი
„ქართულმა მხარემ კარგად იცოდა,რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნდობა არ შეიძლებოდა. ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით, თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები..ვისი ბრძანებით?-დღესაც უცნობია. შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთან გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო.
მდგომარეობა გართულდა. ზედიდედ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში.
დაბომბვა კვლავ განახლდა. გუმისთაზე ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინათ თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას,უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით- სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ,მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭირდა.
სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა.
იერიში მთავრობის სახლზე
„დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ნაღმსატყორცნებს. ბრძოლა ორმოც წუთს გაგრძელდა.
დღის პირველ საათზე,როდესაც სამხედრო მარაგი გვეწურებოდა,კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან...
გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!).
შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”.
“გავდივართ!”
...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება).
როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!”
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა “ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს.
ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი “ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, “ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. “ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა...
ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო...
მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!).
უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ!
“უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.
აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული “სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა!
აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის “თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი.
შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა?
აკაკი გასვიანი:
“შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტს - ეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან).
12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულ “ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს).
26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა”.
ბაკურ გულუას მოგონებებიდან
ჟიული შარტავას ცხედრის გადმოსასვენებლად 28 სექტემბერს ადლერში ჯგუფი ჩაფრინდა, რომელსაც მაშინდელი პარლამენტის წევრი ბაკურ გულუა ხელმძღვანელობდა. გულუა იხსენებს, რომ აეროპორტში მათ რუსეთის სპეცსამსახურის პოლკოვნიკი შუიკოვი დახვდათ.
„გამიყვანა გვერდით შუიკოვმა და მითხრა: ,,თქვენ მე არ მიცნობთ, სამმხრივ მოლაპარაკებაზე რუსულ მხარეს ვხელმძღვანელობდი. ჟიულის მეგობარი ვარ. ჟიული ერთადერთი კაცია, ვინც მათ არ უნდა მოეკლათ, რადგან ის მხოლოდ ქართული მხარის კი არა, აფხაზების ინტერესებსაც ყოველთვის იცავდა. ახლა პირადად ველაპარაკე არძინბას. რაღაცას ეშმაკობს. მითხრა, ვერ ვიპოვეთო ცხედარი“.
გავმწარდი. მან უცებ სადღაც დარეკა და რუსულად დაიწყო გინება. ბოლოს იყვირა, მოსკოვიდან სპეცრაზმს გამოვიძახებ და იქ სამი კი არა, ძალიან ბევრი გვამი იქნებაო. დაფრთხნენ, ეტყობა და 2 საათში ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა - ჟიული შარტავას ცხედარი გადმოგვცეს. ექსპერტიზა ჰქონდა ჩატარებული. ეტყობა, დაბანეს, მოაწესრიგეს და ტანსაცმელიც ჩააცვეს. მაინც მიაქციეს ყურადღება და დაიცვეს აფხაზური წესები“. ვერტმფრენი დაეშვა თუ არა, შუიკოვმა მთხოვა, დავხედავო. იქ ერთი ფოთელი კაცი იყო, ვთხოვე, თვითმფრინავში რამე არ ჩადონ, ყურადღება მიაქციე-მეთქი. ის ფოთელი კაცი ცოტა ხანში დაბრუნდა. მითხრა, შუიკოვმა ჟიულის ცხედრის წინ დაიჩოქა და მოუბოდიშა, ვერ შევძელი შენი დაცვაო.
თუმცა, ცხედარის დათვალიერების შემდეგ გარდაცვლილის ფრჩხილების ქვეშ და პირში მიწა აღმოაჩინეს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ ჟიული შარტავა აწამეს კიდეც.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე
ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა- ჟიული შარტავას მეუღლეს მოგონებები
ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: “დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი... ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, - ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: “ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”.
სულ მეკითხებიან: რატომ წავიდა ჟიული სოხუმში? ამ კითხვას ჟიულის სიტყვებით გავცემდი პასუხს: "რაცა ვარ, ესა ვარ: დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე - რაიმე კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს"...
მწერალი ჯემალ აჯიაშვილის მოგონება (ბატონი ჟიულის თანაკლასელი)
ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“
ჯანსუღ ჩარკვიანი
პოეტი
„ შენ ბედნიერი ხარ იმიტომაც, რომ მიდიხარ ზეციურ საქართველოში იმ ხალხთან, რომლებმაც ღალატი არ იციან. უღალატო საქართველოში მიდიხარ, შენ , თავად უღალატო კაცო. ეს ჩვენ ვართ უბედურები, რომ ვრჩებით იქ, სადაც მრავლად არიან მოღალატენი. აი, რაშია შენი სიკვდილის ბედნიერება“
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: „მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.
ჯანსუღ ჩარკვიანი
„ შენ ბედნიერი ხარ იმიტომაც, რომ მიდიხარ ზეციურ საქართველოში იმ ხალხთან, რომლებმაც ღალატი არ იციან. უღალატო საქართველოში მიდიხარ, შენ , თავად უღალატო კაცო. ეს ჩვენ ვართ უბედურები, რომ ვრჩებით იქ, სადაც მრავლად არიან მოღალატენი. აი, რაშია შენი სიკვდილის ბედნიერება“
გია ყარყარაშვილი
„ბედნიერის ის ერი, რომელსაც ისეთი ღირსეული შვილი ჰყავს, როგორიც ჟიული შარტავა გახლავთ. დარწმუნებული ვარ, ცოცხალი რომ იყოს, როგორც პიროვნება და მოქალაქე, ჩვენი ახალგაზრდობისათვის კაცურკაცობის, ზეკაცობის მაგალითი იქნებოდა.
ყოველივე ამას სრული გულწრფელობით ვამბობ. გული მწყდება, რომ ის ჩვენს გვერდით არ იმყოფება. ბატონმა ჟიული შარტავამ თავისი გმირული ქმედებით ნამუსი მოსწმინდა ყველას - ხელისუფალსა თუ რიგით მოქალაქეებს.“
„იგი აწამეს მშობლიური მიწაზე....“
დიმა ჯაიანი
„ბოლომდე ვიქნები ქალაქში“- ასე დაპირდა სოხუმელებს ჟიული შარტავა - უმამაცესი პიროვნება, ცოტნე დადიანის სადარი კაცი, სამაგალითო ზნეობის მამულიშვილი... მის გმირობაზე ბევრი ითქმება, ბევრი დაიწერება, ფაქტი ერთია: ასეთი ხალხის სახელი სანთელივით უნდა დაინთოს ჩვენმა ახალგაზრდობამ, თუ უნდა, რომ სამშობლო არავინ შეუგინოს“.
გურამ ფანჯიკიძე
„...წავიდა სასიკვდილოდ, მაგრამ თავისი სიკვდილით მან ისეთი დიდი საქმე გააკეთა , რომელსაც შეიძლება ათიათასობით ადამიანი ვერ გააკეთებს. მან შეძრა მსოფლიო, მან შეძრა ქვეყანა და აჩვენა, თუ როგორი ვაჟკაცები ყოფილან ქართველები, დაანახა ყველას - მტერსაც და მოყვარეც, თუ როგორ კვდებიან ჭეშმარიტი ქართველები.“
გალაკტიონ ნაჭყებია
„..მოკვდა ადამიანი, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ტრადიციული, ნორმალური და მეგობრული ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებას. “
„სენაკში დადგმული ჟიული შარტავას ძეგლი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, რომლის წინაშეც მუხლს მოიდრეკს ყველა ადამიანი, სენაკელი იქნება ეს, ზუგდიდელი, თბილისელი თუ საქართველოს სხვა კუთხიდან ჩამოსული. სწორედ ეს გვაძლევს უფლებას, კიდეც ერთხელ ვთქვათ: ჟიული შარტავას სახელი დაკავშირებულია მთელი ქვეყნის ერთიანობასთან. დაე, მუდამჟამს გვახსოვდეს მისი სახელი და გვახსოვდეს, რომ ჩევნი ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, დარწმუნებული ვარ, არ არის შორს ის დღე, როცა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს ერთიანობას, ეს უნდოდა ჟიული შარტავას და ყველა ვალდებული ვართ, ასე გავაკეთოთ.“
"არ დაიჩოქა... ამის მერე მუხლებში ესროლეს და როცა დავარდნილა, საკონტროლო გასროლაც მიუყოლებიათ"
„ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”
“ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“
„ჩემ თვალწინ წარიმართა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნის მიწურულს გმირობის მაგალითი კიდევ ერთხელ ჩაწერა საქართველოს ისტორიაში.“
Комментариев нет:
Отправить комментарий